საზოგადოება
20.11.2024 12:34
20 ნოემბერი ფერმერის დღეა

20 ნოემბერს ფერმერის დღე აღინიშნება. თარიღს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2015 წლიდან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად არაერთი ღონისძიებით აღნიშნავს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ფერმერის დღის დაარსების და აღნიშვნის მიზანია ფერმერთა შრომის და წვლილის დაფასება სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდისა და მდგრადობის ხელშეწყობაში.

„მიმდინარე წელს, ფერმერის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები 30 ნოემბერს, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ გაიმართება. 12:00 საათზე, მე-6 პავილიონში აგრობაზრობა გაიხსნება, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და მოწვეული სტუმრები დაათვალიერებენ.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი, 13:00 საათზე მე-3 პავილიონში ჩატარდება.

დამსწრე საზოგადოებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სიტყვით მიმართავს. სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე სააგენტოს საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს. ოფიციალური ღონისძიების დასკვნით ნაწილში 2024 წლის წარმატებულ ფერმერებს დააჯილდოებენ. გამოვლინდება 9 ნომინაციაში გამარჯვებული ფერმერი (წლის ახალგაზრდა ფერმერი, ქალი ფერმერი, კაცი ფერმერი, წლის აღმოჩენა ფერმერი, წლის რეგიონში დაბრუნებული ფერმერი, ინოვატორი ფერმერი, ეკოფერმერი, აგროტურიზმზე ორიენტირებული ფერმერი და საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი).

„ფერმერის დღის“ აღნიშვნის პარალელურად, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ „სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა“ გაიმართება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები