პირი, რომელიც თვითიზოლაციის რეჟიმს ექვემდებარებოდა, თუმცა, გუშინ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობდა და მიკროავტობუსიდან გაიქცა, პოლიციამ იძულებით გადაიყვანა საკარანტინო ზონაში, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. უწყების ცნობით, მამაკაცი სპეციალური ავტომანქანით ბათუმში მდებარე საკარანტინო დაწესებულებაშია მოთავსებული და თვითიზოლაციას მეთვალყურეობის ქვეშ გაივლის.
შემთხვევა გუშინ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, გორთან ახლოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობდა, ტელეფონით ახლობელს ესაუბრებოდა რა დროსაც აღნიშნა, რომ 4 დღის წინ პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ, თვითნებურად დაარღვია შიდაიზოლაციის რეჟიმი და ზუგდიდისკენ მიდიოდა.
აღნიშნულმა ინფორმაციამ სამარშრუტო ტაქსში მყოფი სხვა მგზავრების აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია და ერთ-ერთმა მათგანმა ცხელ ხაზზე დარეკა, რის შემდეგაც ახალგაზრდა მამაკაცი მიკროავტობუსიდან გაიქცა.
მიკროავტობუსის მძღოლს და ყველა მგზავრს (8 პირი) შიდაიზოლაციის რეკომენდაცია აქვს მიღებული.