შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენელთან საიფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე წელს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერას, აღწერის ეტაპებს და, ზოგადად, მის მნიშვნელობას.
შეხვედრისას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პროცესში მოქალაქეების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ლევან ხარაბაძის თქმით, რწმუნებულის ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტების მერიები, კომპეტენციის ფარგლებში, ხელს შეუწყობენ აღნიშნულ პროცესს.
„აღწერა ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი, რომელიც 14 ნოემბრიდან დაიწყო, მოსახლეობის თვითრეგისტრაციას ითვალისწინებს. ეს ეტაპი მოსახლეობას საშუალებას მისცემს თავად შეავსონ კითხვარი, რომელიც აღწერისთვის საჭირო ინფორმაციას მოიცავს. მეორე ეტაპი კი - 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მომზადებული 11 000-მდე ინტერვიუერი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ელექტრონული პლანშეტების და სპეციალურად მომზადებული კითხვარის მეშვეობით, კარდაკარის პრინციპით გამოჰკითხავს მოსახლეობას. აღწერის დროს გაცემული პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა კანონით დაცულია.
აღწერის წინასწარი შედეგები 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო - 2026 წლის ივნისის თვეში გამოქვეყნდება“, - ნათქვამია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.