ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის ნებართვების მოპოვებისთვის განცხადებების მიღება იუსტიციის სახლის ფილიალებში გახდება შესაძლებელი.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ დრომდე განაცხადების გაკეთება მხოლოდ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში იყო ხელმისაწვდომი.
1-ელი დეკემბრიდან კი, სამგზავრო გადაყვანის და 3-წლიანი სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის ნებართვების მოპოვებისთვის განაცხადის გაკეთება, ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლის 123 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებში იქნება შესაძლებელი.
„ნებართვების გაცემის მიზანია მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობა და მომსახურების პირობების გაუმჯობესება, ასევე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის პროცესის განვითარება.
იუსტიციის სახლსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის მომხმარებლისათვის სერვისების მიწოდების შესახებ ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.
პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ლაშა ლობჯანიძემ და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ლევან გამყრელიძემ ხელი მოაწერეს.
დღეისთვის იუსტიციის სახლის სერვისების რაოდენობა 500-ს აღწევს.
მომსახურების არეალის კიდევ უფრო გაფართოების მიზნით მომხმარებლის საჭიროებების კვლევის საფუძველზე იუსტიციის სახლი მუდმივად ნერგავს ახალ სერვისებს“, - აცხადებენ იუსტიციის სახლში.