თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის - გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნის მემორიალურ ტურნირზე გორელებმა თორმეტი მედალი მოიპოვეს.
შეჯიბრში, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის და გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა, 2010-2012 წწ. დაბადებული 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ქართველების გარდა, ტურნირზე ერევნის და ვანაძორის (სომხეთი) წარმომადგენლებიც ასპარეზობდნენ.
მოჭიდავეები პირველობისთვის ერთმანეთს 10 წონით კატეგორიაში დაუპირისპირდნენ.
რაც შეეხება გამარჯვებულებს და პრიზიორებს, გორელთაგან ტურნირის გამარჯვებულები ლუკა დოთიაშვილი (38 კგ.), ზურა დოთიაშვილი (41 კგ.) და ზუკა წინამძღვრიშვილი (62 კგ.) გახდნენ.
სოლომონ გაგლოშვილმა (48 კგ.), დავით ყაყიტაშვილმა (52 კგ.), გიორგი კურტანიძემ (62 კგ.), ერეკლე ქართველიშვილმა (68 კგ.) და ავთანდილ კახიაშვილმა (85 კგ.) მეორე ადგილი დაიკავეს.
მესამე ადგილზე კი ტატო ცხაოშვილი (41 კგ.), გიორგი ლობჟანიძე (44 კგ.), გიორგი ქარელი (44 კგ.) და დათო რაზმაძე (68 კგ.) გავიდნენ.
აღსანიშნავია, რომ მოპოვებული მედლების მიხედვით, ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენები გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდნენ, ხოლო მესამე ადგილი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის მოჭიდავეებმა დაიკავეს.
საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები თასებით, მედლებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნის მემორიალურ ტურნირს საფუძველი 2016 წელს, ღვაწლმოსილი მწვრთნელის - ნუგზარ სხირელის ინიციატივით ჩაეყარა. შეჯიბრი წელს მერვედ ჩატარდა და გორის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.