გორის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა იწყება.
რიგით 122-ე შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ განაცხადა, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვედრაზე საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ ინციდენტებს და საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებს დააყენებენ.
,,დღევანდელ შეხვედრაზე განსახილველი საკითხები არის თემატური - ეს არის ჩვენი თანამოქალაქეების უკანონო დაკავებები და უკანონო პატიმრობიდან მათი გათავისუფლება, ასევე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი.
წინა შეხვედრიდან დღემდე, უკანონო დაკავების ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება უკანონო ე.წ ბორდერიზაციას, დაფიქსირდა უკანონო ბორდერიზაციის ხუთი ფაქტი - ხუთივე მათგანი ქარელის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, სოფლების - დვანის და კოდის მიმართულებაზე, სადაც მოხდა უკანონოდ აღმართული მავთულხლართების შეკეთება, ასევე უკანონოდ აღიმართა რამდენიმე მეტალის ბოძი და განხორციელდა უკანონოდ დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ტექნიკური მომსახურება.
რაც შეეხება უკანონო პატიმრობაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს, დღეის მდგომარეობით, ჩვენი 9 თანამოქალაქე იმყოფება უკანონო პატიმრობაში და დღევანდელი შეხვედრის მთავარ საკითხს წარმოადგენს უკანონო პატიმრობიდან ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლება, ვინაიდან, ყოველგვარ ლოგიკურ მიჯნას გადასცილდა დაუსაბუთებელი ბრალდებების საფუძველზე, ხანგრძლივ უკანონო პატიმრობაში ადამიანების ყოლა.
თითოეულ აღნიშნულ ფაქტზე გააქტიურდა ,,ცხელი ხაზი", რეალურ დროში მიეწოდა ინფორმაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. უკანონო დაკავებების პარალელურად, უკანონო ბორდერიზაციაც იქნება დღევანდელი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი", - განაცხადა სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.
როგორ ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, უკანონო დაკავებებისა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის გარდა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავ დააყენებენ საქართველოს მოქალაქეების - ბაშარულის, ტატუნაშვილის და გინტურის მკვლელობის ფაქტებზე სამართლის აღსრულების საკითხს და ასევე ჰუმანიტარულ საკითხს ე.წ. გადასასვლელებთან დაკავშირებით.
,,რაც შეეხება ეგრეთწოდებული გადასასვლელების გახსნის საკითხს, ესეც ერთ-ერთი უცვლელი თემაა ამ ფორმატში განსახილველ საკითხებს შორის. ჩვენ დღევანდელ შეხვედრაზეც ვაპირებთ დავაყენოთ საკითხი შემდეგ სიბრტყეში, რომ გადასასვლელები უნდა ფუნქციონირებდეს მუდმივად ანუ ყოველდღე და არა შეზღუდულ დღეებში. ეს არის ჩვენი პოზიცია და ჩვენ ამ პოზიციას გავაჟღერებთ დღევანდელ შეხვედრაზე. რაც შეეხება თამაზ გინტურის მკვლელობას, ეს საკითხი ასევე გაჟღერდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რაუნდზეც, ბუნებრივია, ამ საკითხს შევეხებით დღევანდელ შეხვედრაზეც და არ არის ალბათ თქვენთვის საიდუმლო, რომ ჩვენ ყოველთვის, ყველა შეხვედრაზე ვაჟღერებთ ჩვენი მოკლული თანამოქალაქეების საკითხს და გვარებს, ეს არის დავით ბაშარული, არჩილ ტატუნაშვილი, თამაზ გინტური. რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი კვლავ იქნება. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა არის სამართლის აღდგენა. ოპონენტების პოზიცია თქვენთვის ცნობილია, მაგრამ ეს საკითხი ყოველთვის იქნება დღის წესრიგში, ვიდრე სამართალი არ აღდგება", - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.