გორში მწერლისა და პუბლიცისტის ვაჟა შაქარაშვილის წიგნის - „მუზეუმის ერთგულებით“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩატარდა. შეხვედრას ადგილობრივი ხელისულების წარმომადგენლები, მწერლის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.
მუზეუმის ადმინისტრაციის ცნობით, დამსწრე საზოგადოებამ ვაჟა შაქარაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო. შეკრებილებმა შაქარაშვილის მოღვაწეობის სხვადასხვა ასპექტი გაიხსენეს და მწერლის განუხორციელებლად დარჩენილ გეგმებზე ისაუბრეს.
„ეს იყო საოცარი საღამო სავსე სიყვარულით, მოგონებებით, უამრავი გულის ტკივილით, ცრემლით, სამძიმრის სიტყვებით. მადლობა ამ საღამოს თითოეულ მონაწილეს იმ საოცარი ატმოსფეროს შექმნისთვის, რომელიც ასე გვათბობს და გვაერთიანებს. „ადამიანთა სული უკვდავია, მართალთა სული - უკვდავი და ღვთაებრივი. ასეთი ადამიანები არა კვდებიან“ - ეს ვაჟა შაქარაშვილის სიტყვებია და ამ სიტყვების მართებულობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მისი წიგნის „მუზეუმის ერთგულებით“ პრეზენტაციის დროს“, - აღნიშნა ნატო კილასონიამ (ვაჟა შაქარაშვილის მეუღლე).
შეგახსენებთ, გორელი მწერალი და პუბლიცისტი ვაჟა შაქარაშვილი 2021 წელს კორონავირუსით გარდაიცვალა.