საზოგადოება
18.11.2024 13:29
პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა 25 ნოემბერს წარედგინება

მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ნდობის გამოსაცხადებლად პარლამენტს 25 ნოემბერს წარედგინება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ყველა სამინისტროს სთხოვა მუშაობა სამთავრობო პროგრამის საბოლოოდ დაზუსტებაზე.

მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, საქართველოს პარლამენტს უნდა წარედგინოს სამთავრობო 4-წლიანი პროგრამაც.

,,ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომელიც არის ასახული სამთავრობო პროგრამაში. 4 წლის თავზე, ჩვენ ჩვენი ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე უნდა გადავიყვანოთ. ამას უზრუნველყოფს ჩვენი სამთავრობო პროგრამა. ახლა მთავარია ყოველდღიური მუშაობა იმისთვის, რომ ყველა ამოცანა სათანადოდ შესრულდეს,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 16 ნოემბერს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა და შემაჯამებელი ოქმი მიიღო.

შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 3 508 294. არჩევნებში მონაწილეობა 2 111 834 -მა ამომრჩეველმა მიიღო, 34 974 საარჩევნო ბიულეტენი ბათილად ცნეს.

საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ბარიერი 5-მა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა.

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდა და შესაბამისად, ახლადარჩეული პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 150 წევრისაგან.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, საპარლამენტო მანდატები ამგვარად გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ - 1 120 053 ხმა, 53.93%, მანდატების რაოდენობა - 89;

საარჩევნო ბარიერი გადალახა 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ, არნიშნული პარტიები პარლამენტში 61 მანდატით იქნებიან წარმოდგენილი.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი;

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ - 16 მანდატი;

„ძლიერი საქართველო“ – 14 მანდატი;

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ - 12 მანდატი.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს სახესა და პერანგზე შავი საღებავი შეასხა. აღნიშნულის გამო გამოცხადებული ტექნიკური შესვენების შემდეგ კალანდარიშვილი სხდომაზე ახვეული თვალით დაბრუნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კვირის ამბები