გორში, ბარნოვის ქუჩა №8-ში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არსებული სახურავის დემონტაჟი ხორციელდება და სამუშაოები გორის მერიის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.
ბარნოვის ქუჩის გარდა, სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს სტალინის (№13) და მშვიდობის (№13) გამზირებზე არსებულ მრავალსართულიან კორპუსებზეც.
„მიმდინარე წელს რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა ოთხი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავს (სუხიშვილის ქუჩა №14, რომელაშვილების ქუჩა №179, რომელაშვილების ქუჩა №176, შინდისის გმირების გამზირი №22).
სახურავების გადახურვა, ეზოს მოასფალტება, სასმელი წყლის, საკანალიზაციო სისტემების, კორპუსების ფასადების, ლიფტების და სადარბაზოების რეაბილიტაცია - იმ სამუშაოების არასრული ჩამონათვალია, რაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებას კი მუნიციპალიტეტი სრულად (100 %) აფინანსებს.
პროექტის საერთო ღირებულების 90 %-იანი თანადაფინანსების შემთხვევაში, თვითმმართველობა სრულად ფარავს ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების ფინანსურ წილსაც“, - აცხადებენ გორის მერიაში.
შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამა“ მოქალაქეებს, მათივე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით და მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს.