საზოგადოება
18.11.2024 12:43
აგროქიმიკატების და პესტიციდების 140-ზე მეტ სარეალიზაციო ობიექტში 18 სამართალდარღვევა გამოვლინდა

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 140-ზე მეტ სარეალიზაციო ობიექტში კონტროლის შედეგად 18 სამართალდარღვევა გამოვლინდა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც ცნობილია, სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებს მთელი საქართველოს მასშტაბით ამოწმებს. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კი სახელმწიფო კონტროლი 140-ზე მეტ საცალო და საბითუმო სარეალიზაციო ობიექტში განხორციელდა.

„კონტროლის შედეგად 18 სამართალდარღვევა გამოვლინდა, მათ შორის, ერთ შემთხვევაში აკრძალული პრეპარატის იმპორტი, ვადაგასული და უხარისხო პესტიციდის რეალიზაციის ფაქტები, მარკირებისა და შეფუთვის წესის დარღვევა, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონა.

გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, უხარისხო და ვადაგასული პრეპარატები დაილუქა და შესაბამისი წესის დაცვით განადგურდა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოს წლის განმავლობაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ყველა რეგისტრირებული სავაჭრო ობიექტის შემოწმება აქვს დაგეგმილი. სააგენტოს ინსპექტორები, პრეპარატების ხარისხის დადგენის მიზნით, ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშებს იღებენ.

შემოწმების დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვის და რეალიზაციის პირობებს“, - აცხადებენ სააგენტოში.

კვირის ამბები