დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი გორში იმყოფებოდა.
მიხელ სარჯველაძე კლინიკა „მედიქალ ცენტრში“ დიაბეტის დიაგნოზის მქონე პაციენტებს და მედპერსონალს შეხვდა, დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით, მოსაზრებები მოისმინა და მათ საჭიროებებს გაეცნო.
შეხვედრის ფარგლებში, მინისტრმა სამედიცინო სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„სახელმწიფო აქტიურად მუშაობს, რათა რეგიონებში მცხოვრები პაციენტებისთვის, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა კიდევ უფრო გაფართოვდეს.
სამინისტრო, დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებულ მოსახლეობას, სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფს. ასევე, აფინანსებს სპეციალიზებულ ამბულატორიულ დახმარებას, შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვთა მომსახურებას.
ბოლო წლებში, სახელმწიფომ, დიაბეტის მართვის პროგრამაში, მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა - გაიზარდა პროგრამით სარგებლობის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, ბავშვებისთვის, სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის უახლესი სისტემები და სენსორები(CGM) და მათ გამოსაყენებლად მობილური ტელეფონები, უფასოდ გაიცემა.
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში, დიაბეტის მქონე ბავშვები პროგრამით სარგებლობას რეგიონებში ვერ ახერხებდნენ, სახელმწიფოს ჩართულობით კი პროგრამა, ეტაპობრივად, გაფართოვდა და ვაუჩერული სერვისის მიღება, საქართველოს 8 მუნიციპალიტეტშია ხელმისაწვდომი“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა. თარიღი დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 1991 წლიდან დაწესდა. 2006 წელს გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ 14 ნოემბერი ოფიციალურად აღიარა დიაბეტის მსოფლიო დღედ.