საზოგადოება
15.11.2024 11:54
საუკეთესო მოხალისეს ეროვნული ჯილდოს მფლობელის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით და „ჰელფინგ ჰენდის“ ორგანიზებით, 2024 წლის საუკეთესო მოხალისეს ეროვნული ჯილდოს მფლობელის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, გამარჯვებულები ორ ასაკობრივ კატეგორიაში - მოზარდების (13-18) და ახალგაზრდების (19-29) ჯგუფიდან შეირჩევა, ჯილდო კი სხვადასხვა თემატიკის შესაბამისად გადანაწილდება - განათლება, ადამიანის უფლებები, სოციალური სფერო, მოხალისეობის განვითარება, სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება, გარემოსდაცვითი მოხალისეობა და ა. შ.

„წლის საუკეთესო მოხალისეს ეროვნული ჯილდოს ტრადიციის დამკვიდრების მიზანია ახალგაზრდული მოხალისეობის მხარდაჭერა და წახალისება, ასევე, მადლიერების გამოხატვა იმ მოქალაქეებისადმი, რომლებიც უანგაროდ ეხმარებიან მოწყვლად ჯგუფებს, სოციალურად დაუცველ თუ სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს“, - აცხადებენ ახალგაზრდობის სააგენტოში.

რაც შეეხება მონაწილეობას, მსურველმა უნდა შეავსოს აპლიკაცია - //forms. gle/Q11U7Czbfqmwo ZFB8. ასევე, მოხალისეების წარდგენა შეუძლიათ სამოქალაქო ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს. ხოლო აპლიკაციის მიღება 22 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი.

საუკეთესო მოხალისეებს, საქართველოს მასშტაბით, სპეციალური კომისია გამოავლენს, ხოლო მოხალისეთა დაჯილდოება 5 დეკემბერს - მოხალისეთა საერთაშორისო დღეს გაიმართება.

შეგახსენებთ, მოხალისეს ეროვნული ჯილდოს მფლობელები პირველად 2020 წელს, პროგრამის - „ახალგაზრდული მოხალისეობა COVID 19-ის საპასუხოდ საქართველოში“ - ფარგლებში გამოვლინდნენ. 2020 წლის შემდეგ კონკურსს ტრადიციული სახე მიეცა და ყოველწლიურად აღინიშნება.

კვირის ამბები