გორში, მულტიფუნქციურ სავაჭრო ცენტრ „გარდენ მოლში“ კინოთეატრი გაიხსნება.
ადგილობრივ მოსახლეობას „კავეას“ თანამედროვე კინოთეატრი ახლო მომავალში უმასპინძლებს.
კომპანიის მარკეტინგის დირექტორის ინფორმაციით, მაყურებელს შეუძლია, იხილოს როგორც ჰოლივუდის და ევროპული ფილმები, ასევე, თანამედროვე ქართული კინო.
„გორში „კავეას“ გახსნისას განსაკუთრებით ის ფაქტი გვახარებს, რომ ახალი და თანამედროვე კინოთეატრი კინოს ისტორიულ შენობაში დაბრუნდება.
უდაოა ისიც, რომ ქალაქში კინოს არსებობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ადგილობრივების კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში. ვვარაუდობთ, რომ კინო გორში ზაფხულში გაიხსნება. გორის „კავეაში“ იგივე რეპერტუარი იქნება, რაც „კავეას“ დანარჩენ ფილიალებში“, - განაცხადა კომპანიის მარკეტინგის დირექტორმა სალომე კუპრაშვილმა.
ცნობისთვის, „კავეა“ 2015 წელს შეიქმნა და კინოთეატრების ყველაზე დიდი მულტიპლექს ქსელია საქართველოში.
დღეის მდგომარეობით, კინოთეატრების ქსელი მოიცავს „კავეა ისთ ფოინთს“, „კავეა სითი მოლს“, „კავეა გალერეას“, „კავეა თბილისი მოლს“ „კავეა ბათუმს“.
კინოთეატრის სივრცის გარდა, „გარდენ მოლი“ სხვადასხვა სავაჭრო და კვების ობიექტს აერთიანებს.
შენობის ისტორია იხილეთ:https://www.gmnews.ge/geo/5929