გორის ფოტოგრაფმა კლუბმა სპორტული კატალოგი „მოგვერდი“ დაბეჭდა.
კრებული გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით დაიბეჭდა და ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, 2015 წლიდან დღემდე, ჭიდაობის სხვადასხვა სახეობაში მსოფლიოს, ევროპის და საქართველოს ჩემპიონატებზე გადაღებულ 200-მდე ფოტოს აერთიანებს.
წიგნში წარმოდგენილია იმ შეჯიბრებების ფოტოები, რომლებშიც გორელი სპორტსმენები მონაწილეობენ.
ნამუშევრების ავტორი გორელი ფოტოგრაფი ლევან ახალკაცია.
„მიხარია, რომ ჩემი ნამუშევრები ერთ კრებულში გაერთიანდა. სპორტულმა ფოტოგრაფიამ 2015 წლიდან გამიტაცა. მაშინ, როცა ამ ფოტოებს ვიღებდი, ასეთ რამეს ვერც კი წარმოვიდგენდი. დღემდე, საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ათობით მასშტაბური სპორტული ღონისძიება მაქვს გადაღებული. ბედნიერი ვარ, რომ მეც შევიტანე პატარა წვლილი ჩემი ქალაქის სპორტული წარმატებების ისტორიის შექმნაში. პროექტი გორის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის“, - აღნიშნა ლევან ახალკაცმა.
პროექტის ფარგლებში, დიდ ფორმატზე დაიბეჭდა გორელი ტიტულოვანი სპორტსმენების და მათი მწვრთნელების 30 გამორჩეული ფოტოც. ნამუშევრები სპორტულ სკოლებს გადაეცათ. გარდა ამისა, მომზადდა ათი ვიდეორგოლი, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
პროექტი გორის მერიის კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.