14 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მკურნალი ექიმების - კოზმა და დამიანეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
წმინდა კოზმა და დამიანე უანგაროდ, უფულოდ კურნავდნენ ადამიანებს, ანიჭებდნენ ხორციელ და სულიერ ჯანმრთელობას, ამიტომ მათ უვეცხლონი მკურნალნი უწოდეს.
ისინი ლოცვითა და ხელის დადებით კურნავდნენ არა მარტო ადამიანებს, არამედ ცხოველებსაც, „ბოროტ სულებს განასხამდნენ ადამიანებისგან და გაწეული დახმარებისთვის საზღაურს არ იღებდნენ”.
ერთხელ, წმიდა მკურნალებს უხმეს მძიმედ დასნეულებულ დედაკაცთან, რომლის მკურნალობაზეც, სნეულის მძიმე მდგომარეობის გამო, ყველა ექიმმა უარი განაცხადა. ნეტარი ძმების მხურვალე ლოცვით უფალმა ავადმყოფი განკურნა. მის მშობელს სურდა, რომ მადლიერება გამოეხატა, მივიდა დამიანესთან და სამი კვერცხი გაუწოდა ყოვლადწმიდა სამების - მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით. წმიდა სამების სახელი რომ ესმა, უვეცხლომ უარის თქმა ვერ გაბედა. კოზმა ძალიან დაღონდა - მან ჩათვალა, რომ დამიანემ დაარღვია მათი მკაცრი აღთქმა და სიკვდილის წინ დაიბარა, იგი მის გვერდით არ დაეკრძალათ. მალე დამიანეც გარდაიცვალა. მისი ახლობლები გაუგებრობაში აღმოჩნდნენ - ვერ გადაეწყვიტათ, სად დაეკრძალათ წმიდა მკურნალი. მაშინ ღვთის ნებით სასწაული აღესრულა: ხალხის წინაშე უვერცხლო მკურნალების მიერ ოდესღაც ცოფისგან განკურნებული აქლემი წარდგა, ადამიანური ხმით ალაპარაკდა და ყველას ამცნო, დამიანე დაეკრძალათ კოზმას გვერდით, რადგან მას ანგარებით კი არ მიუღია სამი კვერცხი, არამედ ყოვლადწმიდა სამების სახელით მიიღო. ამ დიდი სასწაულის აღსრულების შემდეგ, დამიანე დაკრძალეს თავისი ძმის გვერდით.
წმიდანი უვეცხლონი სიკვდილის შემდეგაც მრავალ სასწაულს აღასრულებდნენ.
მათი ლოცვით დღესაც უამრავი ადამიანი ინკურნება. ეს ორი წმინდანი განსაკუთრებით უყვართ საქართველოში.