გორის მუნიციპალიტეტის მერი, თანამოქალაქეებს, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილებისა და პრევენციის მიზნით, სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება, კონსტანტინე თავზარაშვილმა facebook-ის საკუთარ გვერდზე გააკეთა.
„ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილებისა და პრევენციის მიზნით, იცით, რომ სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება. იმედი მაქვს, მოსახლეობის სოციალური პასუხისმგებლობის და მჯერა, რომ ერთად შევძლებთ ამ გამოწვევასთან გამკლავებას.
მოგეხსენებათ, რომ ხვალიდან გორის მუნიციპალიტეტშიც იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, აუცილებელი შემთხვევების გარდა, თავი შეიკავეთ გარეთ გამოსვლისგან და მაქსიმალურად ეცადეთ, დარჩეთ სახლებში.
გისურვებთ ჯანმრთელობას და სიმშვიდეს!“ - აღნიშნულია მერის მიმართვაში.
ცნობისთვის, ხვალიდან გორში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება, ასევე, იკეტება კვების და საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ობიექტი.