დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის დასაქმებაში ხელშეწყობის პროექტის განხორციელება იწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 12-დან 15 ნოემბრის ჩათვლით, დევნილ მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, გაიარონ კარიერული კონსულტირება - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს კონსულტანტებს გაუზიარონ საკუთარი პროფესიული გამოცდილება, უნარები და დასაქმების სასურველი სფეროები.
„პროექტიიძულებით გადაადგილებული პირების შრომის ბაზარზე გააქტიურებას და ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, პროექტის მეორე ეტაპზე, სააგენტო უზრუნველყოფს ვაკანსიების მოძიებას და სამუშაოს მაძიებლების და ბიზნესის ურთიერთდაკავშირებას.
პროექტი თბილისში, შიდა ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში ხორციელდება. კონსულტირებისთვის დევნილი მოქალაქეები უნდა ეწვიონ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს რეგიონულ სერვის-ცენტრებს შემდეგ მისამართებზე: თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა; გორი, სამების ქ. N1; ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106“, - ნათქვამია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, პროექტი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.