საზოგადოება
11.11.2024 11:07
„მხატვრის თვალით დანახული გორი“ - ალბომის პრეზენტაციას ისტორიულ-ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა უმასპინძლა

სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ალბომის - „მხატვრის თვალით დანახული გორი“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რაც შეეხება ალბომს, შექმნის იდეა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მრჩეველ-კონსულტანტს, გორის საპატიო მოქალაქეს თინათინ სოსანიძეს ეკუთვნის. ხოლო ალბომი-კატალოგი „გორის ფოტოგრაფთა კლუბმა“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით დაბეჭდა.

გორის ისტორია საუკუნეებს ითვლის. ქალაქის ხედები სხვადასხვა ეპოქის არაერთი მხატვრის ტილოებზეა აღბეჭდილი. „გორის ფოტოგრაფთა კლუბმა“ 40-ზე მეტი მხატვრის 150-მდე ნამუშევარი შეაგროვა, გააციფრულა და ერთ კატალოგში მოუყარა თავი.

„აღნიშნული წიგნი საუკეთესო საჩუქარია ჩვენი ქალაქისთვის. დღეიდან, ბევრად მეტ ადამიანს ექნება აქ წარმოდგენილი ნამუშევრების გაცნობის საშუალება, რაც იმას ნიშნავს, ბევრად მეტი ადამიანი შეძლებს ჩვენი ქალაქის საუკუნოვანი კულტურის გაცნობას. გორის მერია ყოველთვის მხარს დაუჭერს და დააფინანსებს ასეთ მნიშვნელოვან პროექტებს“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა.

პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.

კვირის ამბები