საზოგადოება
18.03.2020 19:09
ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, დროებით უქმდება მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული გამოცდები

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და რეკომენდაციების შესაბამისად ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 20 მარტიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აუქმებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვები ეხება მართვის უფლების თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებსაც.

,,ახალი რეგულაციების თანახმად, საქართველოს მასშტაბით მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში უქმდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები.

- მოქალაქეებს, რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში იმავე ფილიალში, რიგის დაჯავშნის გარეშე;

- იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ თეორიული გამოცდა, პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

ასევე უქმდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები.

რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობებს, ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად განაცხადი მიიღება მხოლოდ ელექტრონული წესით, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge), დამზადებული დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ ფილიალში. ხოლო სხვა ცნობების მისაღებად, განაცხადის შევსება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ფილიალებში.

20 მარტიდან, მომსახურების სააგენტოს შეგიძლიათ მიმართოთ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტის და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად.

ასევე დროებით ვერ მოხდება ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვის ცენტრების მიერ მომსახურების გაწევა.

ამასთან, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ნუ მიმართავთ მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრებს, ხოლო მიმართვის შემთხვევაში თავი შეიკავეთ გარეშე პირების თანხლებისგან”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოების გამო, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეული 19, 24, 26 და 28 მარტს, წყვეტს სამუშაო რეჟიმს და მოქალაქეებს ვერ მოემსახურება.

კვირის ამბები