კულტურა
07.11.2024 11:41
გორის თეატრს საგასტროლო ტურნეს ფარგლებში შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი ეწვევა

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი საგასტროლო ტურნეს ფარგლებში გორის თეატრს ეწვევა და წარმოდგენას გამართავს.

სპექტაკლის - „ძიადი თბილისში“ („წინაპართა სერობა თბილისში“) ჩვენება 11 ნოემბერს, 19:00 საათზეა ჩანიშნული.

როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, წარმოდგენაში თავისუფალი თეატრის მსახიობებთან და უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად უკრაინელი და ბელორუსი მსახიობები მონაწილეობენ.

„მიმდინარე წლის 10 ივნისს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ვარშავის ზბიგნევ რაჟევსკის თეატრალურ ინსტიტუტს შორის გაფორმდა პარტნიორობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, დრამის ფაკულტეტის დეკანმა, რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ დადგა სპექტაკლი - „ძიადი“, რომელშიც უცხოელი მსახიობებიც მონაწილეობენ.

პროექტი პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის მინისტრის ფონდის „Inspiring Culture Program“ მიერ დაფინანსდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები