საზოგადოება
18.03.2020 18:56
შიდა ქართლში, თვითიზოლაციაში იმყოფება 57 პირი, რეგიონში იკეტება კვების და საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ობიექტი - გუბერნატორი

ორდღიან რეჟიმში, რეგიონში იკეტება კვების და საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ობიექტი, ასევე, მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის გათვალისწინებით, შეიზღუდა და შემცირდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება - აღნიშნული განცხადება შიდა ქართლის გუბერნატორმა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შიდა ქართლში მიმდინარე ღონისძიებებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

,,პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო მედიკოსებს, სამართალდამცავებს თავდაუზოგავი შრომისთვის, რომ თითოეული თქვენგანი, თითოეული მოქალაქე იყოს დაცული და ეს შრომა უნდა იყოს დაფასებული მოქალაქეების მხრიდან. აქვე, მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც მაღალი თვითშეგნებით გამოირჩევა და არ არღვევს თვითიზოლაციის პირობებს, თუმცა, სამწუხაროდ, გვაქვს ისეთი შემთხვევებიც, როცა ადამიანები სამოქალაქო პასუხისმგებლობის ძალზე დაბალ დონეს ამჟღავნებენ  და ცდილობენ, თავი აარიდოს პასუხისმგებლობას, რაც გამოიხატება თვითიზოლაციის წესების დარღვევით.

მოვუწოდებ თითოეულ ადამიანს, თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, დავრჩეთ სახლში, მაქსიმალურად ვეცადოთ, საქმე გავაკეთოთ დისტანციურად.

რეგიონში  არსებული სტატისტიკა ამგვარია - შიდა ქართლში, თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფება 57 ადამიანი, სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში კი, მეთვალყურეობისა და მკურნალობის ქვეშაა 55 პირი.

ჩვენ მჭიდო თანამშრომლობა გვაქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებთან, ასევე, მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ სამართალდამცავებთან, რათა კოორდინირებულად მოვახდინოთ ყველა იმ ღონისძიების გატარება, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის გავრცელების პრევენციას. სამწუხაროდ, გვაქვს ისეთი შემთხვევებიც, როცა ადამიანები სამოქალაქო პასუხისმგებლობის ძალზე დაბალ დონეს ამჟღავნებენ  და ცდილობენ, თავი აარიდოს პასუხისმგებლობას, რაც გამოიხატება თვითიზოლაციის წესების დარღვევით.

დღეს და ხვალ, ორდღიან რეჟიმში, რეგიონში იკეტება კვების და საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ობიექტი, ესეც, ბუნებრივია, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რომ თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელების საფრთხეები.

ასევე, გვესმის, რომ საზოგადოებისთვის საკმაოდ მტკივნეულია, თუმცა, ისევ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის გათვალისწინებით, შეიზღუდა და შემცირდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. შეზღუდვაში იგულისხმება როგორც რაოდენობა, ასევე, მიმართულებები და მოძრაობის სიხშირე.

ყველა ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“, - განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.

შიდა ქართლის გუბერნატორის თქმით, შემდგომი მდგომარეობის გათვალისწინებით, გამორიცხული არ არის, ტრანსპორტის მოძრაობა კიდევ უფრო შეიზღუდოს.

კვირის ამბები