პროექტის - „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, შშმ პირებმა, ომის ვეტერანებმა და სტუდენტებმა, პირველად, თეორიული და პრაქტიკული სამხედრო მეცადინეობები გაიარეს.
ღონისძიებაში გორელებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანები მონაწილეობდნენ.
აქტივობებს გომბორის მოსამზადებელმა ცენტრმა უმასპინძლა.
მონაწილეები ტოპოგრაფიის, საინჟინრო მომზადების, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის, იარაღის გამოყენების წესებს გაეცნენ და პრაქტიკული სროლების აქტივობაში ჩაერთნენ.
მეორე ეტაპზე კი, რომელიც ლაგოდეხში ჩატარდა, თევზაობის ფესტივალი მოეწყო. ბენეფიციარებმა 440 ჰექტარ ველურ ბუნებაში 100-მდე გნოლი და კოკობი გაუშვეს.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა საკუთარი შესაძლებლობები სპორტის შემდეგ სახეობებში - მინიგოლფში, მიზანში სროლასა და ბოულინგშიც გამოსცადეს.
„პროექტის - „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა ხორციელდება. რაც შეეხება მიზანს, შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრების ხელშეწყობაა. პროექტში გორელების მონაწილეობას გორის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს“, - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.