საზოგადოება
05.11.2024 12:37
სურსათის უვნებლობის სფეროში დარღვევის მაჩვენებელმა მესამე კვარტალში 2,9% შეადგინა

მესამე კვარტალში სურსათის უვნებლობის სფეროში დარღვევის მაჩვენებელმა 2,9% შეადგინა, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სააგენტომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 5854 ინსპექტირება ჩაატარა, მათ შორის, 2347 გეგმური და არაგეგმური, 3507 გადამოწმება; ზედამხედველობა განხორციელდა 128 ბიზნესოპერატორთან; დოკუმენტურად შემოწმდა 1657 ობიექტი.

კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი 170 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა, რაც დარღვევის საერთო მაჩვენებლის 2,9%-ს შეადგენს.

„შემოწმდა სასურსათო მაღაზიები და მარკეტები, აგრარული ბაზრები, სასაკლაოები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, საბავშვო ბაღების და სკოლების კვების ბლოკები და ა.შ.

შემოწმების ფარგლებში, გამოვლინდა შემდეგი შეუსაბამობები: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, სურსათის წარმოება-გადამუშავების ტექნოლოგიური პროცესის, ტემპერატურული რეჟიმის და რეალიზაციის ვადების დარღვევები, ასევე, კოროზირებული ინვენტარი, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე, კონდენსატის დაგროვება. აღნიშნული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებამდე.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ქვეყნის მასშტაბით წლიური პროგრამის შესაბამისად განახორციელებს“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

კვირის ამბები