ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ, სამმხრივი ფორმატის სპორტულ შეჯიბრებებში იასპარეზეს.
სპორტულ ღონისძიებას თურქეთის მხარემ სტამბოლში უმასპინძლა და აკადემიის იუნკერებთან ერთად, აზერბაიჯანის და თურქეთის სამხედრო აკადემიების კადეტებიც მონაწილეობდნენ.
თავდაცვის აკადემიის ინფორმაციით, აკადემიის იუნკერებმა სხვადასხვა სპორტის სახეობაში საპრიზო ადგილები დაიკავეს. საერთო ჯამში, 6 - ოქროს, 6 - ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
„მსგავს სპორტულ ღონისძიებებში აკადემიის იუნკერების მონაწილეობა ხელს უწყობს მათი ფიზიკური კონდიციების ამაღლებას, პარტნიორი ქვეყნების სამხედრო სასწავლებლების კადეტებს და იუნკერებს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რაც სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი წინაპირობაცა“, - აცხადებენ აკადემიაში.