გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრში, კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა და სკრინინგ-აქცია გაიმართა.
საინფორმაციო შეხვედრას ონკო-გინეკოლოგი, კამპანიის ექსპერტი, ასოცირებული პროფესორი დინა ქურდიანი, „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ხელმძღვანელი მეგი საჯაია და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის განყოფილების უფროსი ეკა ქორჩაშვილი უძღვებოდნენ.
შეხვედრაზე მედიკოსებმა სახელმწიფო სკრინინგის პროგრამის, სკრინინგის და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობისა და აპვ (პაპილომა ვირუსის) ვაქცინაციის შესახებ ისაუბრეს.
სკრინინგ-აქციით კი, ორმოცამდე ქალბატონმა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგული კვლევებით ადგილზე ისარგებლა.
ცნობისთვის, საინფორმაციო შეხვედრა და სკრინინგ-აქცია ნიქოზში, კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის ეროვნული კამპანიის ეგიდით, საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ორგანიზებით და გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან, საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრთან და ოჯახის ექიმებთან თანამშრომლობით ჩატარდა.