თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, გორთან ახლოს, თბილისი-ზუგდიდის სამარშრუტო ტაქსიდან ერთ-ერთი მგზავრი, ევროპიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნებული პირი გაიქცა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობდა, ტელეფონით ახლობელს ესაუბრებოდა რა დროსაც აღნიშნა, რომ 4 დღის წინ პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ, თვითნებურად დაარღვია შიდაიზოლაციის რეჟიმი და ზუგდიდისკენ მიდიოდა.
აღნიშნულმა ინფორმაციამ სამარშრუტო ტაქსში მყოფი სხვა მგზავრების აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია და ერთ-ერთმა მათგანმა ცხელ ხაზზე დარეკა, რის შემდეგაც ახალგაზრდა მამაკაცი მიკროავტობუსიდან გაიქცა.
გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, მარი გიუნაშვილის თქმით, აღნიშნული პირის ადგილსამყოფელის დადგენას პოლიცია ცდილობს.
,,მომხდარ ფაქტზე ეცნობა პოლიციას. სხვა მგზავრებმა აღნიშნული პირის სატელეფონო საუბრის შინაარსიდან შეიტყვეს, რომ მამაკაცი რამდენიმე დღის დაბრუნებული იყო პოლონეთიდან, ექვემდებარებოდა შიდაიზოლაციას, თუმცა, ეს რეკომენდაცია დაარღვია და საზოგადოებრივი ტრანსპორტით დასავლეთ საქართველოსკენ გადაადგილდებოდა. მიკროავტობუსის მძღოლს და ყველა მგზავრს მივეცით შიდაიზოლაციის რეკომენდაცია, გაქცეულს მგზავრს კი, დაკავების შემდეგ კარანტინში გადავიყვანთ“, - აცხადებს გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი.