სპორტი
04.11.2024 11:14
დიცის და გორის მეშვიდე საჯარო სკოლის გუნდებმა მინი ფეხბურთში გორის მუნიციპალიტეტის პირველობაზე გაიმარჯვეს

საქართველოს სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, მინი ფეხბურთში გორის მუნიციპალიტეტის პირველობა ჩატარდა.

ფინალური შეხვედრები ვაჟთა და გოგონათა გუნდებს შორის გაიმართა.

ვაჟთა შორის პირველობისთვის ერთმანეთს გორის მეშვიდე და მეოთხე საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მეშვიდე სკოლის სასარგებლოდ დასრულდა.

რაც შეეხება გოგონათა გუნდს, გამარჯვებული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცის საჯარო სკოლა გახდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში მეცხრე საჯარო სკოლის გუნდი დაამარცხა.

„ღონისძიებაში გორის მუნიციპალიტეტიდან 50-მდე სკოლის 3 000-მდე მოსწავლეა ჩართული. მინი ფეხბურთის გარდა, ოლიმპიადის ფარგლებში, შეჯიბრება სპორტის ექვს სახეობაში და ერთ სპორტულ აქტივობაში (ფრენბურთი, გეზრბენი, მაგიდის ჩოგბურთი, ხელბურთი, 3X3 კალათბურთი, ბადმინტონი და მხიარული სტარტები) ტარდება. მუნიციპალური ეტაპების შემდეგ, რომელიც დეკემბერში დასრულდება, რეგიონული და ზონალური შეჯიბრებები გაიმართება“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ცნობისთვის, მინი ფეხბურთში გორის მუნიციპალიტეტის პირველობა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საფეხბურთო კლუბ „გორის“ ორგანიზებით გაიმართა.

კვირის ამბები