საზოგადოება
18.03.2020 13:20
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი: წისქვილკომბინატები და პურის ქარხნები სტაბილურად მუშაობენ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბიზნესექტორის წარმომადგენელებისგან ხორბლის იმპორტის, ხორბლის ადგილობრივი წარმოების, წისქვილკომბინატებისა და პურის ქარხნების მუშაობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. სასურსათო და პირველადი მოხმარების პროდუქციის იმპორტიორ და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროში შედგა.
„ქვეყანაში ხორბლის საკმაოდ სერიოზული მარაგებია, დაახლოებით ორი თვის სამყოფი. მინდა ვთქვა, რომ დღეს იცლება ბათუმში ორი გემი, ერთი გემი იცლება ფოთში, გზაშია, ასევე, სხვა გემებიც. ამასთან, ხორციელდება რკინიგზით ხორბლის შემოტანა. აქედან გამომდინარე, ფქვილი, როგორც ხორბლის გადამუშავების პროდუქტი, ჩვეულებრივ რეჟიმში იწარმოება. რაც შეეხება ფასთან მიმართებას, გვიჭირავს სტაბილური ფასი, რომელიც გადადის პურის ფასში და შესაბამისად, პურის ფასიც არის სტაბილური“, - განაცხადა საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით: ხორბლის იმპორტი, ხორბლის ადგილობრივი წარმოება, წისქვილკომბინატები და პურის ქარხნები, - ეს ჯაჭვი სტაბილურად მუშაობს და ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს როგორც მომარაგების, ისე პურპროდუქტებზე ფასის გაძვირების მხრივ.
კვირის ამბები