გორის მერია, ჯანდაცვის პროგრამების მეშვეობით, სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას და ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაცემას აგრძელებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, დახმარებები განკუთვნილია იმ კატეგორიის ბენეფიციარებისთვის, რომელთა სამედიცინო მომსახურეობის ხარჯებსაც სახელმწიფო პროგრამები ნაწილობრივ, ან საერთოდ ვერ ფარავს. ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარების დახმარება კი განისაზღვრება სოციალური ქულების მიხედვით.
გორის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამებით გათვალისწინებული ფულადი დახმარებებით სარგებლობა ითვალისწინებს:
ონკოლოგიური პაციენტების დახმარებას: სამედიცინო კვლევა - წლის ლიმიტი 500 ლარი, სტაციონარული მკურნალობა - წლის ლიმიტი 500 ლარი;
ონკოლოგიური ავადმყოფების მედიკამენტებით უზრუნვეყოფას: წლის ლიმიტი 500 ლარი.
ზემოხსენებული ჯანდაცვის პროგრამა, ასევე, ნაწილობრივ ფარავს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-ის ჩათვლით) სამედიცინო დახმარების ხარჯებსაც: სამედიცინო კვლევა - წლის ლიმიტი 500 ლარი; სტაციონარული მკურნალობა - წლის ლიმიტი 500 ლარი.
რაც შეეხება მედიკამენტებით სარგებლობის მუხლს, სადაც წლის ლიმიტი 300 ლარია ისარგებლებენ: ეპილეფსიით, პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები; თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით დაავადებულ პირები; შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ით (ინსულინდამოუკიდებელი) დაავადებულ პირები; ბრონქიალური ასთმით დაავადებული ადამიანები; ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მქონე ადამიანები და თვალის ქრონიკული დაავადების (გლაუკომა, სამედიცინო კოდი H40 დან - H42 ჩათვლით; H42*) მქონე პირები, რომელთაც სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-ის ჩათვლით ექნებათ.
დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს. მათ თანხის მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას.
დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამისი დადგენილებაში, ასევე, ვებგვერდზე gori. gov. ge.