გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო თევზაობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, სადაც განმარტებულია, რომელ ადგილებში და რა საშუალებებითაა ქვეყნის ტერიტორიაზე თევზაობა აკრძალული.
მოქმედი კანონმდებლობით, თევზჭერა აკრძალულია ელექტროსადგურების მიმყვან და გასავალ არხებში, კაშხლებთან და რაბებთან არაუახლოეს 500 მეტრისა, ასევე, კაშხლებთან არსებულ თევზგამტარ არხებში და ა.შ.
თევზჭერა აკრძალულია ისეთი საშუალებებით, როგორიცაა: ელექტროდენი, ელექტროშოკური აპარატი, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოები, ცეცხლსასროლი იარაღები, სახლართი ბადე, ე. წ. ეკრანბადე, მოსასმელი ბადე (სხვა არასპორტულ-სამოყვარულო თევზჭერის ბადე), ნებისმიერი სახის ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებები თევზჭერა, ასევე, იკრძალება შიდა წყალსატევებში დევნის, დაფრთხობის ხერხებით, წყალსატევების ხერგვითა და შრეტით.
რაც შეეხება სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულ ჯარიმებს და სამართლებრივ პასუხისმგებლობას, სანქციები დაწესებულია იმის მიხედვით, თევზჭერის რა საშუალებაა გამოყენებული უკანონო თევზჭერისას და რა რაოდენობის თევზია დაჭერილი. მნიშვნელოვანია ისიც, რა ადგილებში ხდება თევზჭერა და რა პერიოდში.
„ჯარიმები 120 ლარიდან 3000 ლარამდე მერყეობს. პარალელურად, სამართალდამრღვევს ჩამოერთმევა მოპოვებული თევზი და თევზჭერის იარაღი.
ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, ასაფეთქებელი, მომწამლავი ნივთიერებით, ან თევზის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით თევზჭერის შემთხვევაში, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება. აღნიშნული სამართალდარღვევა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 320-დან 400 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე ისჯება.
ამასთან, 1-ლი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმად, ელექტროშოკური აპარატი თევზჭერის ელექტრო იარაღად დაკვალიფიცირდა და მისი უკანონო ბრუნვა მკაცრად დარეგულირდება - სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაცემა, ან გასხვისება გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.
იმავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმა ორმაგდება. თევზჭერის ელექტრო იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება კი გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.
განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება და 6 000 ლარი იქნება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, ითევზაონ კანონის დაცვით, ხოლო კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს“, - აცხადებენ უწყებაში.