ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2024-ში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს.
პროცესი 10 ნოემბრამდე გაგრძელდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ოლიმპიადა ტესტირების საშუალებით ტარდება და სამ ეტაპს - რეგისტრაცია, ონლაინ ტესტირება და ტესტირება (მატერიალური ტესტებით) მოიცავს.
რაც შეეხება სამიზნე აუდიტორიას, სპეციალისტები (უმაღლესი ან პროფესიული განათლება აგრარულ სფეროში), სტუდენტები (აგრარული პროფილის უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები), ფერმერები (სასოფლო-სამეურნეო საქმიანობთ მიღებული ცოდნა და გამოცდილება) და სკოლის მოსწავლეები (საჯარო/კერძო სკოლები და სპეციალიზებული კოლეჯები) წარმოადგენენ.
გამარჯვებულებისთვის ოლიმპიადის ორგანიზატორების და სპონსორებისგან სხვადასხვა სახის პრიზი და ჯილდოა დაწესებული.
„ეროვნული აგრარული ოლიმპიადა, ქვეყნის მასშტაბით და, ზოგადად, რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია, რომლის მიზანს აგრარული განათლების და პროფესიების პოპულარიზაცია, პროფესიული ცოდნის შეფასების კვალიფიციური მექანიზმის შექმნა, ახალგაზრდებში სასოფლო-სამეურნეო დარგების შესახებ ცნობიერების ამაღლება და აგრარულ დარგში არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობა წარმოადგენს. ოლიმპიადა აგრონომიის, სასურსათო ტექნოლოგიის, სატყეო საქმის, ღვინის ტექნოლოგიის, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის, ვეტერინარიის, ასევე, გარემოს დაცვის მიმართულებებში ტარდება. კონკურსი, ფაქტობრივად, ყველა პრიორიტეტულ დარგს და სპეციალობას მოიცავს, რომლებიც ყველაზე მოთხოვნადია საქართველოს შესაბამისი პროფილის დასაქმების ბაზარზე“, - აღნიშნულია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა და დეტალური ინფორმაციის ნახვა ოლიმპიადის ოფიციალურ ვებგვერდზე (www . agroolimpiada . ge) შეუძლიათ.
ცნობისთვის, ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2021 წლიდან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟითა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით იმართება. ოლიმპიადის კონცეფციის ავტორია სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია (ADA). აგრარული ოლიმპიადის პარტნიორები არიან ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.