საზოგადოება
18.03.2020 12:33
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ სოციალურად დაუცველ აღსაზრდელზე პროდუქტების გაცემა დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ, ბაგა-ბაღებში გამოსაყენებელი არამალფუჭებადი პროდუქტების გაცემა დაიწყო.

სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის ინფორმაციით, ამ წუთებში მიმდინარეობს პროდუქტების დაფასოებისა და საბავშვო ბაღებში გადანაწილების პროცესი.  

„მოგეხსენებათ, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ ჩვენი აღსაზრდელების გარკვეულ კატეგორიაზე - სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებზე, პროდუქტების გაცემის გადაწყვეტილება მიიღო. ამ წუთებში მიმდინარეობს არსებული მარაგის დაფასოება და ჩვენი თანამშრომლები უზრუნველყოფენ მომზადებული პაკეტების ბაღებში შესაბამისი რაოდენობით გადანაწილებას. საერთო ჯამში, სოციალურად დაუცველის სატუსის 900 აღსაზრდელი გვყავს და სწორედ ამ რაოდენობაზე გადანაწილდა ჩვენს ხელთ არსებული მარაგი“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღანელმა, ლია კოვზიაშვილმა.

ლია კოვზიაშვილის ინფორმაციით, თითოეული საბავშვო ბაღიდან, მშობლებს დაუკავშირდებიან და პროდუქტების გატანის ვადებზე ინდივიდუალურად შეუთანხმდებიან.

კვირის ამბები