იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ინოვაციური სერვისი დანერგა და „გონიერი კონტრაქტის“ სისტემის გამოყენება დაიწყო.
როგორც უწყებაში აცხადებენ, „გონიერი კონტრაქტის“ სისტემა ტრადიციული ოპერაციების ახლებურად განხორციელების საშუალებას იძლევა, რაც თანხის გადახდას და ქონების რეგისტრაცია ერთდროულად გულისხმობს.
„მხარეები ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას ციფრულ ფორმატში, დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით გააფორმებენ. „გონიერი კონტრაქტის“ მეშვეობით, ასევე, შესაძლებელია იპოთეკის იმავე მეთოდით რეგისტრაციაც.
უძრავი ქონების ტრანზაქციებში აღნიშნული სისტემის ამოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემიგრანტებისთვისაც. ინოვაციური ციფრული პროდუქტის საშუალებით უცხოეთში მცხოვრები ქართველები შუამავლებისა და მინდობილობის გარეშე შეძლებენ საქართველოში უძრავი ქონების შეძენას“, - აცხადებენ სააგენტოში.
მოქალაქეებს აღნიშნული სერვისის სარგებლობისთვის სააგენტოს წარმომადგენელთან ვირტუალური შეხვედრის დაჯავშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე:www .napr. gov.ge უკვე შეუძლიათ.