საზოგადოება
29.10.2024 12:04
სოფლის საჯარო სკოლებისთვის საგრანტო კონკურის 1-ლი ეტაპი დასასრულს უახლოვდება

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის მიერ სოფლის საჯარო სკოლებისთვის გამოცხადებული რიგით მე-3 საგრანტო კონკურსის 1-ლი ეტაპი დასასრულს უახლოვდება.

ორგანიზატორების თქმით, პროექტის მიზანია სასწავლო პროცესის ხელშეწყობა და მოტივაციის ამაღლება სოფლად მცხოვრები მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო გამოწვევები აქვთ.

„კონკურსის პირველ ეტაპზე მონაწილეებმა უნდა შეავსოთ განაცხადის ფორმა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სკოლის შესახებ და 100 სიტყვისგან შემდგარ პროექტს. პირველი ეტაპის პროექტების მიღება კი 1-ელ ნოემბრამდეა შესაძლებელი. 30 ნოემბერს ჟიური 20 კანდიდატს გამოავლებს.

პროექტის მსვლელობაში, სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები“, - აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.

რაც შეეხება თანხის რაოდენობას, სამი გამარჯვებული სკოლა 8 000-ლარიან გრანტს მიიღებს, ერთ-ერთი გრანტი განკუთვნილი იქნება მთის სკოლისთვის და ამ თანხით კი უზრუნველყოფენ ინფრასტრუქტურულ-საგანმანათლებლო საჭიროებებს.

კონკურსში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ფორმა: forms. gle / zg9dBfvo9CZyBqzg7.

შეგახსენებთ, გასულ ორ წელში თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის მიერ გამოცხადებულ სკოლის საგრანტო კონკურსი 5-მა სკოლამ გაიმარჯვა. მათ შორისაა, შიდა ქართლის - ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლა.

კვირის ამბები