კულტურა
28.10.2024 14:28
გორის თეატრმა ნოემბერში ჩანიშნული სპექტაკლების ანონსი გამოაქვეყნა - გაეცანით აფიშას

გ. ერისთავის სახელობის თეატრმა ნოემბერში ჩანიშნული სპექტაკლების ანონსი გამოაქვეყნა. როგორც ცნობილია, გორის თეატრის დასი მომდევნო თვის განმავლობაში 8 სპექტაკლს ითამაშებს.

რაც შეეხება რეპერტუარს, 2 ნოემბერს მაყურებელი მე-19 საუკუნეში მოღვაწე გორელი დრამატურგის ზურაბ ანტონოვის პიესების მიხედვით დადგმულ წარმოდგენას - „მზე ისევ ამოვა“ (რეჟისორი გიორგი თენაძე) იხილავს.

3 ნოემბერს სცენაზე ელენე მაცხონაშვილის რეჟისორული ნამუშევრით - „ბავშვებს ყურები ნაჭრით ავუხვიე“ მარი არღუთაშვილი, ლიკა კევლიშვილი, კობა კოპაძე, ქეთი ლუარსაბიშვილი, ზვიად მაღალაშვილი და გიორგი ჩოჩნიძე წარსდგებიან.

9 ნოემბერს რეჟისორი თათა პოპიაშვილი თეატრისმოყვარულებს ამელი ნოტომის რომანის - „მტრის კოსმეტიკა“ და რობერტ სტურუას და ლილი ფოფხაძის პიესის - „მტრის ნიღაბი“, მიხედვით დადგმულ ერთმოქმედებიან დრამას წარუდგენს.

10 ნოემბერს გიორგი თენაძის რეჟისორული ნამუშევრის - „ოთარაანთ ქვრივის“ ჩვენებაა დაგეგმილი.

16 ნოემბერს მაყურებელი სპექტაკლს  - „როგორ იწერება სიყვარული“ (რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი) იხილავს.

17 და 24 ნოემბერს, პატარებს შარლ პეროს „წითელქუდას“ ნახვის შესძლებლობა ექნებათ.

30 ნოემბერს კი მაყურებელი ფლორიან ზელერის ტრილოგიის ერთ-ერთ ნაწილს, „მამას“ (რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი) იხილავს.

ბილეთების დაჯავშნა-შეძენა შესაძლებელია როგორც თეატრის სალაროში, ასევე, ონლაინ, საიტზე: www. biltebi. ge.

კვირის ამბები