საზოგადოება
18.03.2020 12:06
მივიღეთ პაციენტების ნაკადი, 35 პირი, ეს ადამიანები, თბილისის აეროპორტიდან პირდაპირ მოხვდნენ ჩვენს საკარანტინო სივრცეში - გორის ჰოსპიტალის დირექტორი

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 35 პირი გადაიყვანეს. ჰოსპიტალის დირექტორის განცხადებით, აღნიშნული პირებიდან 6 საეჭვო შემთხვევაა და ნიმუშები გაიგზავნება ლაბორატორიაში.

,,გორის სამხედრო ჰოსპიტალი მუშაობს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, ჩვენ წუხელ მივიღეთ პაციენტების ნაკადი, 35 პირი, აქედან 6 საჭვო შემთხვევაზე უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დღეს გაიგზავნოს ნიმუშები.

ჯამში, ამ დროისთვის, გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში რჩება 55 პაციენტი, რომელთაგან 14 სამხედრო მოსამსახურეა, 37 საქართველოს მოქალაქე და 4 უცხო ქვეყნის მოქალაქე.

რაც შეეხება წუხელ, აეროპორტიდან შემოყვანილი 35 პირიდან საეჭვო შემთხვევებს, მსუბუქად არის გამოხატული სიმპტომატიკა, ძირითადად ეს არის დაბალი ტემპერატურული რეაქცია და ზოგიერთ მათგანთან არის გამოხატული ხველა. ეს ადამიანები, წუხელ, თბილისის აეროპორტიდან პირდაპირ მოხვდნენ ჩვენს საკარანტინო სივრცეში, ასე რომ, მათ საქართველოში ჩამოსვლისას, სხვა მოქალაქეებთან შეხება არ ჰქონიათ.  ჩვენ ვიწყებთ მათი ეპიდ.ანამნეზების შეკრებას. რაც შეეხება ეპიდ.ანამნეზებს, სრულად შეკრების შემდეგ, ზოგ მათგანზე ჩვენ ალბათ მივიღებთ თვითიზოლაციაში გადაყვანის გადაწყვეტილებას, ზოგი კი - გადანაწილდება საკარანტინო სივრცეში. ჩვენთან დარჩება მხოლოდ ის პირი, ვინც იქნება საეჭვო და თითოეულ საკითხზე შეთანხმება მოხდება ჯანდაცვის სამინისტროსთან. რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევებს, გუშინ ჩვენ გავგზავნეთ 4 საეჭვო შემთხვევაზე ნიმუშები და ოთხივე უარყოფითია. რაც მოწმობს იმას, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, 1-ლი მარტიდან, საკარანტინო ზონად გამოცხადებიდან დღემდე, არ დასტურდება კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა. მთლიანობაში, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან 31 საეჭვო პაციენტის ნიმუში გაიგზავნა ლაბორატორიაში და ყველა ნიმუშზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს გორის სახედრო ჰოსპიტალის დირექტორმა, დავით ბარლიანმა.

კვირის ამბები