2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
№32 გორის საარჩევნო ოლქში 95 უბანია შექმნილი. 68 უბანში არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდება, ხოლო 27 უბანში ტრადიციულად მოხდება ხმის მიცემა.
რაც შეეხება ამომრჩეველთა რაოდენობას, გორის ოლქში 110 219 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
როგორც „გორის მაცნესთან“ №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად ოლქი მზადაა.
„26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისია მზად არის. ხვალ, 25 ოქტომბერს, საუბნო საარჩევნო კომისიებს საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაცია გადაეცემათ. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემის და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 68 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, ხოლო 27 უბანზე კენჭისყრა ტრადიციული წესით გაიმართება“, - აღნიშნა მალხაზ მირუაშვილმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის 18 პარტიაა რეგისტრირებული.