საერთაშორისო გამოფენაში - Green Week 2025 მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დღეს, 23 ოქტომბერს დაიწყო და 6 ნოემბრის 18:00 სთ-ის ჩათვლითაა შესაძლებელი.
როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, მათი ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ მხოლოდ გადამამუშავებელი კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ საკვებ ან/და სასმელ პროდუქციას.
„საერთაშორისო გამოფენა Green Week 2025, 17 - 26 იანვარს ქალაქ ბერლინში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაიმართება და მონაწილეობას 55 ქვეყნიდან 1400-ზე მეტი კომპანია მიიღებს. Green Week წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სავაჭრო გამოფენას სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის სფეროში და ათი დღის განმავლობაში, მწარმოებლები მთელი მსოფლიოდან, წარმოადგენენ პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.
გამოფენის ფარგლებში, გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტროს ორგანიზებით, ასევე, ჩატარდება გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის გლობალური ფორუმი (GFFA), რომელიც წამყვანი საერთაშორისო კონფერენციაა გლობალური სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის ძირითად საკითხებზე“, - აცხადებენ სააგენტოში.
გამოფენაზე პროდუქციის წარდგენის მსურველმა მეტი ინფორმაციისთვის უნდა დარეკოს სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1501.