საზოგადოება
23.10.2024 12:00
რიკოთის საუღელტეხილო მაგისტრალზე კიდევ ერთი, 12-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად, რიკოთის ავტომაგისტრალის კიდევ ერთი, 12 კმ-იანი მონაკვეთი გახსნა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამით, ჯამში, გახსნილი იქნება 4-ზოლიანი 48 კმ-იანი მონაკვეთი და დარჩენილია რიკოთის ისტორიული პროექტის მხოლოდ 4 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა.

ტრანსპორტი უკვე ცალმხრივად ისარგებლებს რიკოთის ისტორიული, რეაბილიტირებული გვირაბით და მის პარალელურად აშენებული ახალი გვირაბით, რომელთა სიგრძე 2 კილომეტრამდეა და რიკოთის მონაკვეთზე ყველაზე გრძელ გვირაბებს წარმოადგენს.

„რიკოთის მონაკვეთზე ჩვენ უკვე ვსარგებლობთ, მთლიანობაში, 49 გვირაბით და 88 ხიდით. ეს მონაცემებიც მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში.

შეგახსენებთ ასევე, რომ რამდენჯერმე არის გაზრდილი გასული 12 წლის განმავლობაში გზების მშენებლობის ტემპი, თუ მანამდე მთელ ქვეყანაში 68 კმ ავტომაგისტრალი იყო აშენებული, ახლა უკვე ამას დაემატა დაახლოებით 300 კმ ავტომაგისტრალი. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ რამდენჯერმე არის გაზრდილი სამუშაოების ტემპები.

რიკოთი ევროპული სტრატეგიული საგზაო მარშრუტის - აღმოსავლეთ-დასავლეთის საგზაო დერეფნის ნაწილია, რომლის ყოველ მონაკვეთზე მოძრაობის გახსნა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გადაადგილებას, ამცირებს დროს და მანძილს. რიკოთის რთული რელიეფისთვის თვისობრივად ახალი გზა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია, უკვე 8 კმ-ით ამცირებს გადაადგილების მანძილს და ანახევრებს მგზავრობის დროს, ზრდის გამტარობას და სატრანზიტო ტვირთბრუნვას.

ლიხის ქედის რთულ, მთიან რელიეფზე 4-ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც მასშტაბურ საინჟინრო გამოწვევებთან იყო დაკავშირებული, ყოველთვის კრიტიკულ და რთულ პროექტად იყო აღიარებული. ამიტომ, მას თამამად მოვიხსენიებთ, როგორც საუკუნის პროექტს, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს.

ახალი გზა საქართველოზე გამავალი სტრატეგიული, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის და ჩვენი ქვეყნის  ეკონომიკას კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს. რიკოთთან ერთად, ეტაპობრივად დასრულდება ყველა მიმდინარე მონაკვეთის მშენებლობა და მომავალ წელს თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა უკვე სრულად მაქსიმუმ 3 საათში იქნება შესაძლებელი,“ - განაცხადა პრემიერმა.

„რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სულ შენდება 52 კმ-იანი 4-ზოლიანი მაგისტრალური გზა 51 გვირაბით და 97 ხიდით. ამ დროისთვის კი ტრანსპორტი უკვე ისარგებლებს ახალი 4-ზოლიანი გზის 48 კმ-ით, 49 გვირაბით და 88 ხიდით.

ახალი გზა  საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა აშენებული და უზრუნველყოფილია საგზაო განათების სისტემით. პროექტის ფარგლებში, დასრულების ფაზაშია სოფელ შროშასთან ახალი გზის ორივე მხარეს, სპეციალურ მოედნებზე სავაჭრო სივრცეების მშენებლობა ადგილობრივი მეწარმეებისთვის. ასევე, სხვადასხვა სახის პროცედურები მიმდინარეობს სურამთან და ზესტაფონთან სავაჭრო სივრცეების და მგზავრთა მომსახურების ცენტრის მშენებლობისთვის“, - აცხადებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და მსოფლიო ბანკისგან (WB) მიღებული სესხების და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა.
კვირის ამბები