გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლები „სოციალურად დაუცველი თემის საჭიროებების, არსებული მომსახურებების, ხარვეზებისა და გამოწვევების კვლევის“ პრეზენტაციას დაესწრნენ.
კვლევა პროექტის - „მოწყვლადი და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე თემების ინკლუზიის მშენებლობა“ ფარგლებში, საქართველოს ათ მუნიციპალიტში დევიზით - „არავინ დატოვო ყურადღების მიღმა“ ჩატარდა.
„გორის მაცნესთან“ ვერიკო ბიწაძემ (გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური განყოფილების უფროსი სპეციალისტი, გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირი) აღნიშნა, რომ კვლევა იყო მეტად მნიშვნელოვანი, ასევე, მოისმინეს მათთვის მისაღები რეკომენდაციები.
„კვლევაში აღნიშნული ბევრი პრობლემა ცნობილი იყო ჩვენთვის, თუმცა, გამოვლენილი ზოგიერთი პრობლემა მოვინიშნეთ და გავითვალისწინებთ, რაც, ვფიქრობ დადებითად აისახება მოქალაქეების სოციალურ ფონზე.
დიდი მადლობა კვლევის ავტორებს. იმედია, შემდეგშიც ვითანამშრომლებთ“, - აღნიშნა ვერიკო ბიწაძემ.
ცნობისთვის, პროექტს - „მოწყვლადი და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე თემების ინკლუზიის მშენებლობა“, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ გაეროს დემოკრატიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ხელშეწყობით ახორციელებს.