საზოგადოება
18.03.2020 07:17
მსოფლიოს მასშტაბით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 194 503 ადამიანს შეადგენს. ვირუსის შედეგად მსოფლიოში დაიღუპა 7893 ადამიანი

ახალი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების მხრივ, მსოფლიოში მდგომარეობა ყოველდღიურად რთულდება. ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 194 503 ადამიანს შეადგენს. ვირუსის შედეგად მსოფლიოში დაიღუპა 7893 ადამიანი, გამოჯანმრთლდა 81 086 პაციენტი.

ამ დროისთვის, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა სულ უფრო მზარდი რაოდენობით იტალია ლიდერობს. ბოლო 24-საათში, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი იტლიაში 345-ით გაიზარდა. იტალიაში ვირუსის შედეგად გარდაცვლილია 2503 ადამიანი, დაინფიცირებულია 31 506 პირი.

რთული მდგომარეობაა ესპანეთშიც, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ერთ დღეში 309-დან 491-მდე გაიზარდა. დაინფიცირდა კიდევ 2 000 ადამიანი და მთლიანობაში,  დაავადებულთა რიცხვმა 11 178-ს მიაღწია.

რაც შეეხება რუსეთს, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 114-მდე გაიზარდა. რუსეთის მთავრობამ უკვე ჩაკეტა საზღვარი არაერთ მეზობელთან.

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა შვეიცარიაში, სადაც ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 2330 შემთხვევაა დაფიქსირებული. ქვეყნის მთავრობამ 8 000 სამხედროს მობილიზება მოახდინა, რათა მოხდეს ყველა საჯარო თუ კერძო ღონისძიების გაუქმების უზრუნველყოფა და ობიექტების დაკეტვა.

რთული მდგომარეობაა გერმანიაშიც. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 4 838 შემთხვევას აღწევს. ყველაზე რთულია ვითარება ბავარიაში, სადაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შტატის პრემიერის, მარკუს შოედერის თქმით, რეგიონში ვითარება ყოველდღიურად უარესობისკენ იცვლება.

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადაა საქართველოს მეზობელ სომხეთშიც.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, ჩეხეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოაცხადა.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობას დროებით აჩერებს და მოხალისეების ევაკუაციას იწყებს „მშვიდოების კორპუსი“. 

რაც შეეხება აშშ-ს, ახალ კორონავირუსს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებლთა რიცხი 4000-ს აჭარბებს. პრეზიდენტი ტრამპი ვარაუდობს, რომ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი აშშ-ში ზაფხულამდე - ივლის-აგვისტომდე გასტანს.

რაც შეეხება ჩინეთს, საიდანაც ეპიდემია და იწყო და სადაც ინფიცირების 81 058 შემთხვევა დაფიქსირდა, მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ კორონავირუსის შემთხვევები სწრაფად გაიზარდა, თუმცა, არაერთ ქვეყანაში,  ინფიცირებულების საკმარისად სწრაფად შემოწმება, იზოლირება და კონტაქტში მყოფების გამოვლენა არ მოხდა.

„ყველა ქვეყანამ ყოვლისმომცველი მიდგომები უნდა შეიმუშაოს, თუმცა ინფექციის პრევენციის და სიცოცხლის გადარჩენის ყველაზე ეფექტური გზა ინფექციის ჯაჭვური გავრცელების აღკვეთაა. ჩვენ ვერ შევაჩერებთ ამ პანდემიას, თუკი არ გვეცოდინება, თუ ვინ არის ინფიცირებული. ჩვენ მარტივი მესიჯი გვაქვს ყველა ქვეყნისთვის: შეამოწმეთ, შეამოწმეთ, შეამოწმეთ, შეამოწმეთ ყველა საეჭვო შემთხვევა. თუკი პასუხი დადებითი იქნება, მოახდინეთ მათი იზოლირება და გაარკვიეთ, ვის ჰქონდა მათთან მჭიდრო კონტაქტი”, - აცხადებს გებრეიესუსი.
ჩამოთვლი ქვეყნების გარდა, არაერთ ქვეყანაშია გამოცხადებული კარანტინის რეჟიმი და საგანგებო მდგომარეობა. 

 

 

კვირის ამბები