გათბობის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, სოფლის განვითარების სააგენტო ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამას აგრძელებს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
„ენერგოეფექტური ღუმელის შეძენისას შეგიძლიათ მიიღო თანადაფინანსება, ღუმელის ღირებულების 50%, არაუმეტეს 300 ლარი. აღსანიშნავია, რომ ენერგოეფექტური ღუმელის ექსპლუატაციის ვადა რამდენჯერმე აღემატება ტრადიციულ ღუმელისას და საშუალებას გაძლევთ გაანახევროთ შეშის მოხმარება. შედეგად კი, წლების განმავლობაში მოსახლეობა დაზოგავს რესურსებს როგორც შეშის, ისე ახალი ღუმელის შეძენის თვალსაზრისით“,- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ენერგოეფექტური ღუმელების ან ალტერნატიული საწვავის საწარმოსთვის ძირითადი საშუალებების შესაძენად შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცემა.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 1501.