საზოგადოება
21.10.2024 21:08
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა

25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადდა, ამგვარი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე მიიღო.

ცესკოს მიმართვის თანახმად, ვინაიდან, საარჩევნო უბნები განთავსებულია საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, სამუშაო დღეებში მიმდინარე აქტივობამ, შესაძლოა, შეაფერხოს საარჩევნო უბნების დროულად მოწყობა.

როგორც ცესკო განმარტავს, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების საუბნო საარჩევნო კომისიების გამართულად ფუნქციონირებისათვის, მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს საარჩევნო უბნების მოწყობა, შესაბამისი ინვენტარის და ტექნიკის განთავსება.

„3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაგა-ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი განთავსებულია საჯარო სკოლების შენობებში, ხოლო 873 საარჩევნო უბანი - სხვა დანიშნულების შენობებში. გამომდინარე, იქიდან, რომ განსაკუთრებით საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაგა-ბაღებში, სადაც განთავსებულია საარჩევნო უბნები, სამუშაო დღეებში ხორციელდება სხვადასხვა საქმიანობა და აქტივობა, რამაც შესაძლებელია შეაფერხოს საარჩევნო უბნების დროულად და მშვიდ გარემოში მოწყობა, მოთხოვნილია 2024 წლის 25 ოქტომბრის უქმე დღედ გამოცხადება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც მთავრობა ავრცელებს.

შეგახსენებთ, 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება.

კვირის ამბები