სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან, 18 ოქტომბრიდან დაიწყო.
დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაცია უფასოა. პირველ ეტაპზე, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრა რისკ ჯგუფებს ჩაუტარდებათ. 4 ნოემბრიდან კი აცრას ყველა მსურველი შეძლებს.
„იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
ქვეყანაში მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე, დიალიზზე მყოფი, C ჰეპატიტის, აივ ინფექცია/შიდსისა და ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები. აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმულები, ორსულები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები, ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი, სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვ.“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება აცრის კაბინეტებს, მსურველებს ვაქცინაციის ჩატარება, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ორ ლოკაციაზე - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალსა და „გორმედში“ შეუძლიათ.