ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. მათგან ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს.
ცესკოს მონაცემებით, წელს არჩევნებში მონაწილეობის უფლება 135 922 ახალგაზრდას პირველად ეძლევა.
გადასატანი ყუთის მოთხოვნით კი, საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238 ამომრჩეველმა მომართა.
რაც შეეხება სხვა სახელმწიფოებში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობას, 95 910-ია.
„ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება. საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის, 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია. რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს, 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი.
არჩევნების გამოცხადებიდან დღემდე ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემები ცესკოს ვებგვერდზე და მობილურ აპლიკაციაში ამომრჩევლებმა გადაამოწმეს 1 311 773-ჯერ, სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით კი 29 277 -ჯერ.
მას შემდეგ, რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო სიები ყველა შესაბამისი უწყებისგან, დამუშავდა აღნიშნული მონაცემები და განხორციელდა საარჩევნო ოლქების და უბნების მიხედვით მათი დაყოფა. ამჟამად ამომრჩეველთა ერთიანი განახლებული სია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე ყველასთვის ხელმისაწვდომია.
აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია რეგისტრირებული პარტიებისთვის და საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის. საარჩევნო უბნებზე სიის საჯარო ვერსიის გაცნობის საშუალება აქვთ ამომრჩევლებსაც.
საარჩევნო წლის მანძილზე საარჩევნო ადმინისტრაციისგან ამომრჩეველთა ერთიანი სია სხვადასხვა დროს გაითხოვა 4-მა პარტიამ და 2-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რაც ადასტურებს, რომ ამომრჩეველთა სიის ხელმისაწვდომობა მისი გადამოწმების მიზნით იყო კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი“, - აღნიშნულია ცესკო-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.