საზოგადოება
17.10.2024 12:41
17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა

17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა. აღნიშნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით იმართება და მასში როგორც ვეტერანები, ასევე, მათი ოჯახის წევრები მონაწილეობენ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსის ზვიად საბაშვილის ინფორმაციით, გორის ოფისში ვეტერანები დილიდან შეიკრიბნენ და სამშობლოსთვის თავდადებული გმირები გაიხსენეს, პატივი მიაგეს გარდაცვლილ ვეტერანთა ხსოვნას, იგეგმება შეხვედრა გორის საბრძოლო დიდების მუზეუმშიც, ასევე, სპორტული ღონისძიებები, კერძოდ, შეჯიბრებები მკლავჭიდში, ჭადრაკსა და ნარდში.

როგორც „გორის მაცნესთან“ ზვიად საბაშვილმა აღნიშნა, შიდა ქართლში 9694 პიროვნებაა ვეტერანის სტატუსის მატარებელი და მათი ღვაწლის დაფასება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„ვეტერანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა და მათ მიმართ მადლიერების გამოხატვა იმ ფასდაუდებელი ღვაწლისთვის, რაც ქვეყნისთვის გაიღეს. საქართველოში არაერთი შეღავათით სარგებლობენ როგორც ვეტერანები, ისე მათი ოჯახის წევრები“, - აღნიშნა ზვიად საბაშვილმა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, დღეისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ერთიან ბაზაში ვეტერანის სტატუსის მატარებელი 70 000-მდე პირია რეგისტრირებული. მათ შორის არიან მეორე მსოფლიო ომის, 1992-93 წლების აფხაზეთის და სამაჩაბლოს საომარი მოქმედებების მონაწილეები, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების (ავღანეთი, უნგრეთი) მონაწილეები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები, მარჩენალდაკარგულები.

სამსახურის ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ვეტერანთაგან, ყველაზე მხცოვანი გორის მკვიდრი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, 104 წლის ლიდია ნემსაძეა.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანის დღე 2014 წელს დაარსდა და წელს მეათედ აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც, შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა. ამავე წელს შეიქმნა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, რომელიც დღეს 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.

კვირის ამბები