გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯის შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ულე ანდერს უე, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით პირველად ესტუმრა.
სტუმრებს აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ უმასპინძლა. შეხვედრის დროს ჩატარდა გაცნობითი სახის პრეზენტაციები აკადემიისა და ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯის შესახებ. სტუმრებმა, აგრეთვე, დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურაც.
„აკადემია აქტიურად თანამშრომლობს ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯთან, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს აკადემიის დისტანციური სწავლების ცენტრის განვითარებაში როგორც ტექნიკური აღჭურვილობის მხარდაჭერის მიმართულებით, ასევე, ცენტრის თანამშრომელთა პროფესიული გადამზადების კუთხით. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა არსებული თანამშრომლობის საკითხებს და სამომავლოდ მის გაძლიერებას.
აღნიშნული სახის ვიზიტები მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას სამხედრო სასწავლებლებს შორის, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება სხვადასხვა სამხედრო, საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობების დაგეგმვა“, - აცხადებენ თავდაცვის აკადემიაში.