საზოგადოება
16.10.2024 11:34
შიდა ქართლში დიალიზის კიდევ ერთი ცენტრი ამოქმედდა

კასპში დიალიზის სერვისი ამოქმედდა, რომელიც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბენეფიციარებს ემსახურება. ჰემოდიალიზზე დამოკიდებული პაციენტები ამ დრომდე სიცოცხლისთვის აუცილებელ მომსახურებას საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით იღებდნენ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ახლა კი, შესაძლებლობა აქვთ, აღნიშნული სერვისით საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე დაწესებულებაში ისარგებლონ.

დიალიზის ახალგახსნილი ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნო. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებს, სიცოცხლისთვის აუცილებელ მომსახურებაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ და ამ მიმართულებით სამინისტრო კერძო სექტორთან მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს.

„კასპში მდებარე დიალიზის ცენტრი ყოველდღიურად 36 ბენეფიციარს მოემსახურება. ასევე, ფუნქციონირება დაიწყო ახალი სტანდარტების შესაბამისად მოწყობილმა იზოლირებულმა კაბინეტმა ინფექციური პაციენტებისთვის.

დაწესებულება დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულადაა აღჭურვილი და ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს ყოველდღიურად სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი ემსახურება“, - აცხადებენ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

მინისტრთან ერთად, დიალიზის ცენტრი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, კლინიკის ხელმძღვანელებმა, ექიმებმა და სხვა სტუმრებმა დაათვალიერეს.

შეგახსენებთ, დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში სერვისის მიმწოდებელი 50 სამედიცინო დაწესებულებაა, რომლითაც 2800-მდე ბენეფიციარი სარგებლობს.

 

კვირის ამბები