საზოგადოება
17.03.2020 15:29
უპოვართა სასადილოს ბენეფიციარებს, სურვილის შემთხვევაში, საკვებს სახლში მიუტანენ

გორისა და ატენის ეპარქიასთან არსებული ,,იოანე მოწყალის სახელობის უპოვართა სასადილოს“ ბენეფიციარებს, სურვილის შემთხვევაში, საკვებს სახლში მიუტანენ. ინიციატივა გორის მერიას ეკუთვნის, როგორც უწყებაში განმარტავენ, მოხალისეთა შესაბამისი ჯგუფი უკვე შექმნილია.

გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი, GMnews-თან საუბრისას ამბობს, რომ გორის მერიის თანამშრომლებისგან უკვე დაკომპლექტებულია მოხალისეთა ჯგუფი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასაკოვან, სოციალურად დაუცველ და შშმ პირებს მოემსახურება.

„მოხალისეთა რიგებში გაწევრიანების სურვილი სხვა ახალგაზრდებმაც გამოთქვეს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ გართულდებოდა მათი დატრენინგება და ასეთ სიტუაცებში მუშაობის სპეციფიკის გაცნობა, არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით,  გადავწყვიტეთ, თავი შეგვეკავებინა და უარი გვეთქვა რიგითი მოქალაქეებისთვის. მოხალისეები მოქმედებენ შესაბამისი რეკომენდაციებით და აღჭურვილობით. რაც შეეხება ჩვენს შეთავაზებას, ამ ეტაპზე, გადავწყვიტეთ, გორისა და ატენის ეპარქიასთან არსებული ,,იოანე მოწყალის სახელობის უპოვართა სასადილოს“ ბენეფიციარებს მოვემსახუროთ. აქვე დავამატებ, რომ ჩვენი მოხალისეები, ასევე, მზადყოფნას გამოთქვამენ, დაეხმარონ სოციალურად დაუცველ, გადაადგილების პრობლემის მქონე, ასაკოვან და შშმ პირებსაც”, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას კონსტანტინე თავზარაშვილმა.

GMnews ასევე დაუკავშირდა გორისა და ატენის ეპარქიასაც, სადაც გვითხრეს, რომ ინიციატივა დროული და მისაბაძია. „ჩვენს სასადილოში, ამ დროისთვის 270-მდე ბენეფიციარია აღრიცხული, თუმცა, აქედან, ყოველდღიურ მომსახურებას, დაახლოებით, 200 მოქალაქეს ვუწევთ. როცა ამ შეთავაზების შესახებ შეიტყვეს, ექვსმა მათგანმა მომსახურებით სარგებლობის სურვილი გამოთქვა. განსაკუთრებით სოფლად მაცხოვრებელები დაინტერესდნენ, რადგანაც მათთვის მგზავრობა კიდევ დამატებით ხარჯებთან და რისკებთანაა დაკავშირებული“, - განაცხადეს GMnews-თან საუბრისას გორისა და ატენის ეპარქიაში.

 

კვირის ამბები