საზოგადოება
12.10.2024 16:28
სამხედრო ჰოსპიტალმა გერმანული ორგანიზაცია KTQ-ს საერთაშორისო აკრედიტაცია წარმატებით გაიარა

გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმა გერმანული ორგანიზაცია KTQ-ს აკრედიტაცია წარმატებით გაიარა, - აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავ რცელებს.

უწყების ინფორმაციით, საერთაშორისო აკრედიტაცია შესაძლებლობას აძლევს სამხედრო ჰოსპიტალს, მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად, 2025 წლიდან მონაწილეობა მიიღოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში.

,,სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმა გერმანული ორგანიზაცია KTQ-ს აკრედიტაცია წარმატებით გაიარა, რაც იმის დასტურია, რომ სამედიცინო დაწესებულება ზრუნავს პაციენტების უსაფრთხოებასა და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე.

სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო პროცესებისა და პაციენტთა უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის და ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი ოფიციალურად თავდაცვის სამინისტროში გადაეცა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი შალვა მაღლაკელიძე და KTQ-ს წარმომადგენლები დაესწრნენ.

გერმანული ორგანიზაციის ექსპერტ-აუდიტორებმა მონიტორინგი განახორციელეს სამხედრო ჰოსპიტლის ყველა დეპარტამენტში და შეაფასეს ისეთი მიმართულებები, როგორიცაა: მენეჯმენტი, ხარისხის მართვა, პაციენტებსა და თანამშრომლებზე ორიენტაცია, უსაფრთხოება და რისკების მართვა, ინფორმაცია და კომუნიკაცია. მათ ჰოსპიტალს მისცეს გარკვეული რეკომენდაციებიც, რომელთა განხორციელება ეტაპობრივად მოხდება.

საერთაშორისო აკრედიტაცია შესაძლებლობას აძლევს სამხედრო ჰოსპიტალს, მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად, 2025 წლიდან მონაწილეობა მიიღოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში.

KTQ - „თანამშრომლობა ჯანდაცვის გამჭვირვალობასა და ხარისხში“ ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის საერთაშორისო ასოციაციის (ISQua/ISQuaIEEA) წევრი გერმანული ორგანიზაციაა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, მთავრობის შესაბამისი დადგენილებით, 2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ. აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება შესაძლებელია განხორციელდეს აკრედიტაციის განმახორციელებელი ორგანიზაციების მიერ, რომლებიც აკმაყოფილებენ ერთდროულად შემდეგ კრიტერიუმებს: უნდა იყვნენ საერთაშორისო ორგანოს - ,,ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების/გარე შეფასების ასოციაციის“ (International Society for Quality in Health Care/External Evaluation Association (ISQua/ISQuaIEEA) წევრი და ფლობდნენ შესაბამის აკრედიტაციას. უნდა ჰქონდეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ან კანადაში, ან ამერიკის შეერთებულ შტატებში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის ჩამოყალიბებული პრაქტიკა.

კვირის ამბები